„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ აცხადებს, რომ ის მაღაროელები, რომლებთანაც „სხვადასხვა მიზეზით“ ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად განიხილებიან

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ (CMC) აცხადებს, რომ ის მაღაროელები, რომლებთანაც „სხვადასხვა მიზეზით“ ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად განიხილებიან.
განცხადება კომპანიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც CMC-ის მმართველმა, მიხაილ სოცკიმ მაღაროელებს მოლაპარაკება შესთავაზა, დღეს, 19 მაისს კი კომპანიას მაღაროელთათვის საბოლოო პასუხი უნდა ეთქვა.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ განცხადებაში ამტკიცებს, რომ „დათხოვილ თანამშრომლებს” აუნაზღაურდებათ როგორც ერთთვიანი კომპენსაცია, ისე 2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხული სახელფასო თანხა.
რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც საწარმოში მუშაობას აგრძელებენ, კომპანია ამბობს, რომ 2-3 კვირაში დაიწყებს მარტი-აპრილის სახელფასო დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას.
მაღაროელები ამბობენ, რომ განცხადებაში არ ჩანდა კომპანიის მხრიდან პროცესების გულთან მიტანის მცდელობა, თუმცა ამის მოლოდინი ჰქონდათ. მათი განცხადებით, ბრძოლა არ დასრულებულა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები მოუწოდებენ მაღაროელების ნაწილს, რომლებიც სამუშაო პროცესში ჩაერთნენ, აღარ შევიდნენ მაღაროებში, შეუერთდნენ ქალაქს პროტესტში და მათთან ერთად მოითხოვონ დაკავებულების – მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგო გველესიანის და აჩიკო ჭუმბურიძის გათავისუფლება და ღირსეული სამუშაო პირობები.